GEO / ENG

მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) 

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და  ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და  მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად,თითოეულმა ქვეყანამ შემდეგი 15 წლის განმავლობაში უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზანის შესასრულებლად. მიზნების შესრულების შეფასებას ყოველწლიურად განახორციელებს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი განვითარების შესახებ.

10 ფაქტი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ

  1. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან.
  2. მდგრადი განვითარების მიზნები გლობალური სტრატეგიაა, რომელიც ეხება მთელ მსოფლიოს, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს.
  3. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის შესრულებას ეროვნულ დონეზე 2030 წლამდე.
  4. მიზნები ავსებს ერთმანეთს და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე მიმართულებას: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.
  5. დღის წესრიგი მიზნად ისახავს განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში.
  6. მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა ( 5Ps : People, Planet, Prosperity, Peace,Partnership ).
  7. მიზნებისა და ამოცანების მონიტორინგი განხორციელდება გლობალური ინდიკატორების მეშვეობით. ინდიკატორებს რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე წევრი ქვეყნები შეიმუშავებენ.
  8. შეფასებას ყოველწლიურად ჩაატარებს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი განვითარების შესახებ -  ანგარიშს მდგრადი განვითარების პროგრესის შესახებ მოამზადებს გენერალური მდივანი.
  9. მიზნების განხორციელება და წარმატება დამოკიდებულია მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, პროგრამებსა და გეგმებზე რომლებსაც თავად ქვეყნები განახორციელებენ.
  10. მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის, მთავრობები შეიმუშავებენ მდგრადი განვითარების ეროვნულ სტრატეგიას, საკუთარ ეროვნულ ინდიკატორებსა და პრიორიტეტებს.

ეროვნულ დონეზე მონაწილე მხარეები 

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მრავალმხრივი პროცესია, მასში მონაწილეობენ :

  • ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
  • საერთაშორისო ინსტიტუტები
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • ბიზნესი

ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში

  • მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციისას, ბიზნესი ერთ- ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი საქმიანობით წვლილი შეიტანონ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
  • აღსანიშნავია, რომ კომპანიები, რომლებიც ბიზნესის მართვის სტრატეგიაში მდგრადი განვითარების პრაქტიკას ამკვიდრებენ, კონკურენტებზე უფრო წარმატებულები არიან.
  • ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს იმ პოზიტიური შედეგების მნიშვნელობა, რომლებიც მიღწევადია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების ჭრილში.
  • კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის ეტაპზე, ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს და დაუკავშიროს დაგეგმილი აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ქვეყანაში. ასევე ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ახალი პრიორიტეტული მიმართულებები შესაბამისი კონკრეტული ამოცანებით, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას შეუწყობს ხელს.
  • საქველმოქმედო და სასპონსორო აქტივობების განცორციელებისას ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს და დაუკავშიროს დაგეგმილი აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნებს.